ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გერმანიაში სამხედრო სამსახურის რეფორმის წინააღმდეგ ახალგაზრდების საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ჟურნალისტებმა რუტეს კომენტარი სთხოვეს გერმანიაში ახალგაზრდების მხრიდან სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებულ პროტესტზე და ჰკითხეს, თუ რა მოტივაცია ინდა გაუწიონ ახალგაზრდა თაობას, იბრძოლონ თავისი ქვეყნისთვის.
„ამ საკითხზე ბევრი კამათი მიმდინარეობს. თუმცა, როდესაც გერმანიას - და ჩემს ქვეყანას, ნიდერლანდებს - ვუყურებ, ვხედავ აშკარა უმრავლესობას, რომელსაც ესმის საფრთხე და საკუთარი ქვეყნის დაცვის აუცილებლობა.
ეჭვი არ მეპარება, რომ როდესაც საქმე სერიოზულად წარიმართება, ახალგაზრდები მზად იქნებიან ხელში იარაღის ასაღებად. პუტინს 140 მილიონი ადამიანი ჰყავს. ნატო-ს ქვეყნებს ერთად კი დაახლოებით ერთი მილიარდი. ჩვენ ახლა ყველანაირად ძლიერები ვართ რუსეთზე“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
19 დეკემბერს გერმანიის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა სამხედრო სამსახურის რეფორმა.
კანონის მიზანია გერმანიის არმიის რაოდენობის გაზრდა ამჟამინდელი დაახლოებით 184 000 ჯარისკაციდან 2035 წლისთვის 255 000-270 000 ჯარისკაცამდე.