უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის საზღვაო ლოჯისტიკაზე წვდომის დაბლოკვას და, შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს. ამის შესახებ მან საღამოს მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ უნდა დაინახოს, რომ ზეწოლის გარეშე რუსეთში არ აქვთ განზრახვა, რეალურად შეწყვიტონ თავიანთი აგრესია.
„ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ამიტომ, მომავალ კვირას - მიუხედავად იმისა, რომ ეს შობის კვირა იქნება, როდესაც პოლიტიკური აქტივობა მთელ მსოფლიოში ჩაცხრება, ჩვენ მაინც ვიქნებით კონტაქტზე ჩვენს პარტნიორებთან, ყველასთან, ვისაც შეუძლია დაგვეხმაროს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის, ჩვენი ენერგიის, ჩვენი მდგრადობის დაცვაში, ყველასთან, ვინც მუშაობს რუსეთზე ზეწოლაზე, ყველასთან, ვინც ომის დასრულებას რეალობად აქცევს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ წელს შესაბამისი სიახლეები უნდა იყოს: უკრაინისთვის დახმარების პაკეტები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ამცირებს რუსეთის ომის წარმოების უნარს.
მანამდე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, განაცხადა, რომ ფლორიდაში მყოფი უკრაინის დელეგაცია კვირას ამერიკულ მხარესთან „სამშვიდობო გეგმაზე“ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს.
20-21 დეკემბერს ამერიკული მხარე მაიამიში რუსეთის დელეგაციასაც შეხვდა. მისმა ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა, მოლაპარაკებები კონსტრუქციულად შეაფასა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, კვირას უკრაინულ და ამერიკულ მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება