რესტორანმა "ფაეტონმა" "ქართული დესერტის დღეს" უმასპინძლა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ეთერ ყამარაულმა განაცხადა, სამინისტრო კერძო სექტორთან ერთად ანალოგიურ ღონისძიებებს სისტემატურად მოაწყობს, რათა ქართული დესერტი ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო პოპულარული გახდეს, და იმავდროულად ქართული ტრადიციული დესერტი საზღვარგარეთაც გავიდეს და უცხოეთში მასზე მოთხოვნა გაიზარდოს.
„ღონისძიებაზე ყველა ქართული კომპანია მოვიწვიეთ, რომელიც ქართულ, ტრადიციულ ტკბილეულს აწარმოებს. ქართული ტრადიციული ტკბილეული კი როგორც მოგეხსენებათ არის ჩურჩხელა, სხვადასხვა სახის ჩირი, ასევე თაფლი და ფუტკრისგან დამზადებული სხვა პროდუქცია. ქვეყნის შიგნით, ქართული ტრადიციული დესერტის პოპულარიზაცია ჩვენთვის პრიორიტეტია, რაც პირდაპირ შეუწყობს ხელს იგივე პროდუქციის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. მნიშვნელოვანია, რომ ქართული დესერტის გამოფენაზე მოვიწვიეთ ყველა დიდი სუპერმარკეტის წარმომადგენელი, რომლებთაც აქვთ შესაძლებლობა ადგილზე ნახონ და დაგემოვნონ ქართული დესერტი. ღონისძიებაზე მოწვეულია ასევე სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებიც, რათა ისინი გაეცნოთ თუ რა სახისა და რაოდენობის პროდუქცია შეიძლება შეეთავაზოთ მათ, ქვეყნის შიგნით"- აღნიშნა ეთერ ყამარაულმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საზღვარგარეთის ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისათვის იგეგმება სხვადასხვა სახის გამოფენებია, ფესტივალებია მოწყობა. დაგეგმილია ასევე აქტიური პიარკამპანია სხვადასხვა ჟურნალების მეშვეობით.
ქართული ნუგბარის გამოფენაში მონაწილეობას ჩურჩხელების მწარმოებელი კომპანიები ("კერნელი", კოოპერატივი დინასტია", "ბადაგი", "Dr George")', ჩირის მწარმოებელი კომპანიები ("დოვლი", ი.მ. "სერგო მამულაშვილი", "geo flower"), სუნელ-სანელებლების კომპანია "გეო", თაფლის მწარმოებელი კომპანიები (ი.მ. "ზაზა გალდავა", ი.მ. "როლანდ ზირაქიშვილი", "ალავერდის მონასტრის თაფლი"), ასევე მზესუმზირის მწარმოებელი კომპანია "ბელიჩკა" იღებდნენ.