ელექტროენერგიის ვაუჩერები დასუფთავების გადასახადს არ ეხება. როგორც დღეს ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ განუცხადა, არსებული ვაუჩერები არის მცირედი შეღავათი გაზრდილი ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარად.
"მოქალაქეები იხდიან ყველა სახის კომუნალურ გადასახადს. შესაბამისად ამ ვაუჩერით მისი ხარჯები 20 ლარით ნაკლები იქნება, რაც ელექტროენერგიის დანახარჯთან არის დაკავშირებული" - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ვაუჩერების დარიგებას სოციალური მომსახურების სააგენტო დღეიდან დაიწყებს თბილისსა და დიდ ქალაქებში და ვაუჩერები დაახლოებით 1 მილიონ 200 ათას ოჯახს გადაეცემა.
მინისტრის თქმითვე, გასულ პერიოდში ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშროლობით გამოსწორდა.
"ჩვენ განვიხილეთ ყველა ოჯახის პრობელმა, რომელიც იყო დაკავშირებული კოლექტიურ მრიცხველებთან და ყველა ხარვეზი გამოსწორებულია. შეიძლება იყო ერთეული შემთხვევებიც, ამიტომ ჩვენ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი" - აღნიშნა ურუშაძემ.
მისივე თქმით, სოციალური სააგენტოს რეგიონალურ ფილიალებს მიეცათ დავალება, რომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად თვითმმართველობებთან აქტიურად ითანამშრომლონ.