55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ქუთაისის "ტორპედოს" 80 და 90-იანი წლების ლეგენდარული ფეხბურთელი მერაბ მეგრელაძე. როგორც "ტორპედოს" ოფიციალური ვებ.გვერდი იუწყება, მეგრელაძე ხვალ 56 წლის ხდებოდა.
მერაბ მეგრელაძე ქუთაისის "ტორპედოში" ლანჩხუთის "გურიადან" ჩაირიცხა და პირველივე სეზონში უმაღლეს ლიგაში 18 გატანილი გოლით გამოიჩინა თავი. საკავშირო ჩემპიონატის პირველ ლიგაში მან 29 გოლის გატანა შეძლო.
პირველი ეროვნული ჩემპიონატი წყალტუბოს "სამგურალში" დაიწყო და 1992-93 წლებში საფეხბურთო სეზონში 41 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, კვლავ "ტორპედოს" დაუბრუნდა და ქუთაისურ გუნდში რამდენიმე წლის განმავლობაში ითამაშა. იგი წელიწადზე მეტი "ტორპედოს" ღირსებას შვილთან გიორგი მეგრელაძესთან ერთად იცავდა. სულ, მის სახელს უკავშირდება უმაღლეს ლიგაში გატანილი 104 გოლი.