იტალიის დედაქალაქ რომში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 45-ს მიაღწია. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვია გორდიანაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 45 ადამიანი დაშავდა - 24 რიგითი მოქალაქე, თერთმეტი სამართალდამცველი, ერთი კარაბინერი, ექვსი მეხანძრე და საგანგებო სიტუაციების სამსახურის კიდევ სამი თანამშრომელი.
ერთი ადამიანი გადაარჩინეს ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან, რომელიც აფეთქების შემდეგ დაიწვა.
პოლიციის მთავარი ვარაუდია, რომ აფეთქება გამოწვეული იყო თხევადი ბუნებრივი აირის გადატვირთვის დროს მომხდარი უბედური შემთხვევით.
საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები თავდაპირველად გაზის გაჟონვის გამო გამოიძახეს, რის შემდეგაც ძლიერი აფეთქება მოხდა.