უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის პირობა მისცა, რომ გაარკვევს, ნამდვილად შეჩერდა თუ არა კიევისთვის სამხედრო დახმარება. ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტებს შორის საუბარი დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა და ძირითადად უკრაინის საჰაერო თავდაცვის სფეროში არსებულ საჭიროებებს დაეთმო.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა და საუბრის მიმდინარეობასთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა წყარომ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ტრამპი ინფორმირებული იყო რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო თავდასხმების შესახებ და, როგორც ამბობენ, დახმარების სურვილი გამოთქვა.
„ტრამპმა თქვა, რომ მას სურს დახმარება საჰაერო თავდაცვაში და რომ შეისწავლის, რა [დახმარება] შეჩერდა, საერთოდ შეჩერდა თუ არა რაიმე“, - თქვა წყარომ.
უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპი და ზელენსკი შეთანხმდნენ ორივე ქვეყნის შესაბამისი გუნდების ცალკე შეხვედრაზე, რათა დეტალურად განიხილონ საჰაერო თავდაცვისა და ზოგადად იარაღის მიწოდების საკითხები.