"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი "მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებს "შიზოფრენიულს" უწოდებს. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ამით კარგად ჩანს, რომ ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია.
"გადაწყვეტილება არის შიზოფრენიული და ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს შიზოფრენია მოვაშოროთ ქვეყანას. ამ შიზოფრენიას, დაავადებას ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დაემართა პირადად მიხეილ სააკაშვილს და ვუმკურნალებთ და ვუშველით", - განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, გახარჯული აქვს თუ არა პარტიას ფინანსური დახმარებები.
"მე არ ვარ პარტიის ბუღალტერი ან ფინანსური მენეჯერი და ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს გიპასუხებთ", - განაცხადა ხიდაშელმა.
პოლიტიკურ პარტიებს და პარტიებთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს ამ დრომდე მიღებული თანხების, რომელიც ჯერ გახარჯული არ აქვთ, გამცემისთვის უკან დაბრუნება მოუწევთ.
აღნიშნულის შესახებ ცვლილება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შევიდა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით (იურიდიული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ გერთიანებსთან), განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულები არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის გამცემს.
პროკურატურის მონაცემებით, ნოემბერ-დეკემბერში "რესპუბლიკურმა პარტიამ" 1 100 000 ლარის ფინანსური დახმარება მიიღო.