"ხალხის პარტიის" ლიდერ კობა დავითაშვილის განცხადებით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებს გაასაჩივრებს. როგორც დავითაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, პარტიას მიღებული თანხები არ გაუხარჯავს.
"ეს თანხები ნამდვილად არ გაგვიხარჯავს. მე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არა კონსტიტუციურია, ამიტომ გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში. რასაც კანონი დაგვავალდებულებს, იმას გავაკეთებთ. მაგრამ როდესაც კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ამის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივი საშუალებით ვიბრძოლებთ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დავითაშვილმა.
პოლიტიკურ პარტიებს და პარტიებთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს ამ დრომდე მიღებული თანხების, რომელიც ჯერ გახარჯული არ აქვთ გამცემისთვის უკან დაბრუნება მოუწევთ.
აღნიშნულის შესახებ ცვლილება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შევიდა, რომელიც პარლამენტმა დღეს, მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით (იურიდიული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ გერთიანებსთან) განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულები არიან ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის გამცემს.
მთავარი პროკურატურის მონაცემებით, "ხალხის პარტიას" ნოემბერ-დეკემბერში სს "ბანკი ქართუსგან" ; შპს "ფინსერვისიდან; შპს "ფინსერვისიდან"; შპს "ელიტა ბურჯისგან", შპს "ქართუ ჯგუფისგან"; შსპ "ქართუ მენეჯმენტისგან"; შპს "ინტერკონსალტინგი პლუსიდან"; შპს "კალა კაპიტალისგან" და შპს "კოლხეთისგან" მთლიანობაში მილიონ 100 000 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება აქვს მიღებული.