არანაირი საფუძველი არ არსებობს იმ გადაჭარბებული რეაქციების, რასაც დღეს აქვს ადგილი. ერთადერთი საფრთხე არის ჩვენთვის რომ "ბანკი ქართუს" ახალი ადმინისტრატორის მხრიდან არ მოხდეს საკითხის კიდევ უფრო პოლიტიზირება. ეს ჩემთვის მიუღებელია, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე თქმით, მსგავსი ოპერაციების განხორციელება ყოველთვის ხდებოდა სებ-ის უშუალო მონაწილეობით.
"ზოგადად როცა ამხელა ქეშის საჭიროება ხდება, რაღაც პრობლემაა. იმიტომ რომ ვერ დამისახელებთ ვერანაირ გარიგებას, სადაც ამდენი ფული გჭირდებათ, თუ რაღაცა ტიპის პრობლემასთან არ არის ის დაკავშირებული. როდესაც ასეთი ოპერაციები ხორციელდება სებ-ი, როგორც მინიმუმ, საქმის კურსშია. მარტივია, თუ ამ რაოდენობის ფული გჭირდება რაღაცისთვის რეკავ სებში და იკითხავ ასეთი და ასეთი თემაა და მითხარით რა გავაკეთო", - განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, სებ-მა დღესაც განახორციელა ანალოგიური ოპერაცია, ანუ ეროვნული ბანკიდან "ბანკი ქართუს" სალაროს გამაგრების ოპერაცია.
"რათ თქმა უნდა იმდენი ფული არ დასჭირვებია. ან როგორ შეიძლება 3 დღის წინ ამდენი ფული გჭირდებოდეს და დღეს აღარ გჭირდებოდეს. დღეს ბანკს ჩვეულებრივად დასჭირდა სალაროს გამაგრების ოპერაცია და ჩვენ თავად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. კითხვები არის ძალიან ბევრი და ეს გახდა შემოწმების მიზანი", - განაცხადა ქადაგიძემ.