ესტონეთი რუსეთთან ხუთივე საავტომობილო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს 1-ელი დეკემბრიდან, სულ მცირე, ექვსი თვით ჩაკეტავს. გადაწყვეტილება უსაფრთხოების მოსაზრებებით არის განპირობებული. ამის შესახებ Reuters ესტონეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ესტონეთის მთავრობის განცხადებით, გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ესტონეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ მიმდინარე მტრულ ქმედებებს უკავშირდება.
მთავრობის განმარტებით, მიმდინარე წელს ესტონეთის თავდაცვის მრეწველობის კომპანიებზე თავდასხმის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ორივე შემთხვევაში თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.
ესტონეთს ამჟამად რუსეთთან ხუთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აქვს, რომლებითაც მოქალაქეებს რუსეთში შესვლა და იქიდან გამოსვლა შეუძლიათ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვა ექვსი თვის შემდეგ გადაიხედება და ხელისუფლება შეაფასებს, საჭიროა თუ არა მისი გაგრძელება.
ესტონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის თავდაცვის მრეწველობის ობიექტებზე თავდასხმები გახშირდა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა დრონების მწარმოებელ კომპანია Threod Systems-ს უკავშირდება, რომლის წინააღმდეგაც, ესტონეთის განცხადებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ ორგანიზებული საბოტაჟის მცდელობა განხორციელდა. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.