ქვემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მეხანძრე-მაშველები მუშაობენ - თბილისის სახანძრო სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, მაშველებს ადგილზე მისული მოქალაქეები სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან
"მეხანძრე-მაშველებს ადგილზე გამოცხადებული მოქალაქეები სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში. პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან. რაც შეეხება მეხანძრე-მაშველების მხრიდან დავალების შესრულებას - უსაფრთხოებას მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად დაცულები და თავიანთი საცხოვრებელი ბინებიდან პირველადი მოხმარების ნივთები გამოიტანონ,“ - განაცხადა მუსელიანმა.
ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.