უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გამოეხმაურა და პოლონეთსა და პოლონელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. მისი განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის ფონზე პოლონეთისა და ნატო-ს საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევა ადასტურებს, რომ რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის მთელ ევროპასა და ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობას.
„მაშინ, როდესაც მოსკოვი ცდილობს დისკუსიების წამოწყებას „ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის“ შესახებ, რუსეთის რაკეტები და დრონები უშუალოდ ანგრევენ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების წესრიგს. მისი განმტკიცების პირველი ნაბიჯი, ალბათ, სწორედ ასეთი თავდასხმების შეწყვეტა იქნებოდა“, - წერს სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ თავდაცვის პირველ ხაზს წარმოადგენს და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით მოკავშირეები საკუთარ მოსახლეობასა და უსაფრთხოებასაც იცავენ.
„ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევის გააქტიურება“, - აღნიშნა სიბიჰამ.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა პოლონეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს ინციდენტის გამოსაძიებლად და მომავალში მსგავსი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთსა და პოლონელ ხალხს. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა ამ ინციდენტის გამოძიებისა და მომავალში მსგავსი საფრთხეების თავიდან აცილებისთვის ყველა საჭირო დახმარება გავწიოთ“, - განაცხადა სიბიჰამ.
მანამდე პოლონური მედია იტყობინებოდა, რომ პარასკევს, დილის დაახლოებით 06:30 საათზე, რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმის დროს, პოლონეთის საჰაერო სივრცე დაუდგენელმა საფრენმა ობიექტებმა დაარღვიეს.
თვითმხილველების ცნობით, ხმძლავრი აფეთქება ხმიელკის რაიონში მოხდა.
პოლონეთის სამხედრო უწყების განცხადებით, ამოწმებენ რადარების მონაცემებსა და ინფორმაციას შესაძლო ჩამოვარდნილი ობიექტის შესახებ. ადგილზე ტერიტორიული თავდაცვის ძალების საძიებო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნეს.
ინციდენტამდე, ღამით, მთავრობის უსაფრთხოების ცენტრმა ლუბლინისა და პოდკარპატის სავოევოდოებისთვის საჰაერო საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. საფრთხის გამო ჟეშუვის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.