ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთვება. მისი თქმით, პარალელურად, ევროკავშირი უკრაინას მაქსიმალურ მხარდაჭერას გაუწევს და რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას შეინარჩუნებს.
ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ევროპა მოლაპარაკებებში მონაწილეობას ე.წ. E5+EU ფორმატით მიიღებს, რომელიც საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, პოლონეთსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს აერთიანებს.
მიზანია, სამშვიდობო პროცესში გათვალისწინებული იყოს როგორც უკრაინის, ისე ევროპის ინტერესები და მიღწეული შეთანხმება უზრუნველყოფდეს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას.
ფონ დერ ლაიენმა ეს განცხადება ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის 2027 წელს 45 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი სესხის შეთავაზების წარდგენისას გააკეთა.
მისი თქმით, ევროკომისიის ინიციატივა უკრაინის ფინანსური საჭიროებების ნაწილს დაფარავს. თანხიდან 20 მილიარდი ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის, ხოლო 25 მილიარდი ევრო სამხედრო საჭიროებებისთვის იქნება განკუთვნილი. სესხის დაბრუნება უკრაინას მხოლოდ მას შემდეგ მოუწევს, რაც რუსეთი ომით მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის მიზანია, უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან ძლიერი პოზიცია ჰქონდეს.