ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას, რომელიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას შეეხებოდა, აკრიტიკებს და ევროკავშირს "რეალური ვითარების დამახინჯებულ აღქმაში" ადანაშაულებს.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც აღიარებულია რუსეთის ფედერაციისა და რიგი სხვა ქვეყნების მიერ. ეს ფაქტია, რომლის იგნორირებაც საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია საქართველოს პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ ჩვენი აღიარება პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით გადაიდგა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებისკენ სწრაფვას ასახავს”, - აცხადებენ საოკუპაციო რეიმის წარმომად.გენლები.
მათი მტკიცებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხის მესამე ქვეყანასთან ევროკავშირის შეთანხმების პირობებთან დაკავშირების მცდელობა, ისევე როგორც “რესპუბლიკის” მიმართ ტერმინის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - გამოყენება, მიუღებელია.
“სამხრეთ ოსეთი გააგრძელებს საერთაშორისო კავშირების განმტკიცებას და გაფართოებას, მათ შორის სირიასთან, საქართველოს მხრიდან ამ პროცესისადმი სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად”, - ნათქვამია განცახდებაში.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებამ ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდა, უფრო "გაწონასწორებული და ობიექტური მიდგომა გამოიჩინოს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების შეფასებისას" და "უარი თქვას პოლიტიკური შანტაჟისა და სხვა ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილებების გადახედვის მცდელობებზე".