კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომლის შემადგენლობაშიც საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის სპეციალური სენსორები, სამხედრო აღჭურვილობა და მშრალი საკვები რაციონები იქნება.
კანადის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა ჩეხეთის საბრძოლო მასალის ინიციატივისთვის დამატებით 45 მილიონ კანადურ დოლარს (დაახლოებით 35 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. შედეგად, ამ ინიციატივაში კანადის საერთო კონტრიბუცია 500 მილიონ კანადურ დოლარს მიაღწევს.
გარდა ამისა, კანადა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების სპეციალიზებული სენსორების შესაძენად დამატებით დაახლოებით 62 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს, ხოლო ზამთრისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად - 23 მილიონ დოლარს.
სამხედრო დახმარების ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებული ძალები კანადის თავდაცვის ძალების მარაგებიდან ასევე მიიღებენ 1.6 მილიონ 20 მმ-იან საბრძოლო მასალას და 250 ათას ინდივიდუალურ მშრალ საკვებ რაციონს.
ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფულადი კომპონენტი ჯამში 155 მილიონი კანადური დოლარია (დაახლოებით 109 მილიონი აშშ დოლარი).