ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დელეგაციას ჩინეთში ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვქონდა მმართველ პარტიასთან, მის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტთან ძალიან მჭიდრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაც, ზოგადად, განაპირობებს ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზაკვლევებს. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა მთელი რიგი საინტერესო შეხვედრები ქალთა, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, უცხო ენების უნივერსიტეტთან, სადაც ქართული ენის სექციაა გახსნილი და თორმეტი ჩინელი ახალგაზრდა ეუფლება ქართულ ენას. მოგეხსენებათ, რომ მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის მმართველობით სისტემაში სწორედ მმართველ პარტიას აქვს წამყვანი როლი, ამიტომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის ამას აქვს თავისი მნიშვნელობა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.