აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ 10 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები „ძალიან პროდუქტიული“ იყო.
ამის შესახებ მან პარიზში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
რუბიოს თქმით, მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, თუმცა წინ ჯერ კიდევ „ბევრი სამუშაოა“.
„ცხადია, წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. ეს საკითხი მომდევნო 24 საათში ვერ გადაწყდება“, - განაცხადა მან.
ამასთან, რუბიომ ხაზი გაუსვა მოლაპარაკებებში ევროპის ჩართვის მნიშვნელობას.
„ჩვენი მიზანია, გავაფართოოთ სამმხრივი ფორმატი, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოდგენილი იყვნენ არა მხოლოდ აშშ, უკრაინა და რუსეთი, არამედ ევროპელებიც“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მას ასევე ჰკითხეს, რამდენად სერიოზულად არიან განწყობილი აბუ-დაბიში ჩასული რუსი მომლაპარაკებლები ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით.
„სწორედ ამის გარკვევას ვცდილობთ“, - უპასუხა რუბიომ.
მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები 11 ნოემბერს დილით განახლდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მოკლედ განიხილა უკრაინულ დელეგაციასთან სამმხრივი მოლაპარაკებების მიმდინარეობა.
აბუ-დაბიში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის მოთხოვნები განიხილეს, ასევე შეეხნენ ომის შემდგომი პერიოდის საკითხს.
10 ნოემბერს დილით, აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე, ამერიკელი, უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები ერთმანეთს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის კოორდინაცია და ომის შემდგომი უსაფრთხოების შეთანხმებების განხილვა იყო, რომელთა მიღწევაშიც აშშ შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს.