უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ აჭიანურებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი ჩამჭრელი რაკეტების მიწოდებას.
ამის შესახებ ზელენსკიმ სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, გადაიდგა ნაბიჯები, რომლებიც უკრაინის კაპიტულაციისკენ იძულებას ისახავდა მიზნად. არ ვამტკიცებ, რომ ჩვენს პარტნიორებს სწორედ ასეთი მიზანი აქვთ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მიიჩნევენ, თითქოს ომის უფრო სწრაფად დასრულება უკრაინის ხარჯზეა შესაძლებელი. თუმცა ვითარება სწორედ ასე გამოიყურება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ ასევე აყოვნებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი ჩამჭრელი რაკეტების მიწოდებას, რომლებსაც უკრაინა რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად იყენებს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ამ შეიარაღების, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ჩამჭრელი რაკეტების საფასური PURL-ის პროგრამის ფარგლებში გადაიხადა.
„ამერიკულმა მხარემ მათი მხოლოდ ნაწილის მიწოდება დაამტკიცა, დანარჩენის კი - არა. ეს ტექნიკური საკითხი არ არის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ამჟამად აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის თვეში მხოლოდ 12 რაკეტას აწვდის, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიწოდებული რაოდენობის დაახლოებით მეოთხედია. ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ უკრაინას ამ რაკეტებს მიჰყიდის, მაშინ როცა ბაიდენის ადმინისტრაცია მათ სამხედრო დახმარების ფარგლებში უსასყიდლოდ გადასცემდა.
ზელენსკის მოსაზრებით, აშშ-ში 3 ნოემბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობები შესაძლოა გაუმჯობესდეს.