ლიეტუვა კომპანია SpaceX-ის კუთვნილი Starlink-ის საბაზო სადგურის დაწვის მცდელობას რუსეთის კავშირთან დაკავშირებულ დივერსიად მიიჩნევს, რომლის მიზანიც უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტებაა.
ამის შესახებ ლიეტუვის მთავრობის კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვილმანტას ვიტკაუსკასმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ვიტკაუსკასის თქმით, ლიეტუვის სამართალდამცავი ორგანოები ამჟამად ეჭვმიტანილებს ეძებენ.
„ჩვენ გვესმის, რომ ეს ჩვეულებრივი ცეცხლის წაკიდება კი არა, დივერსიული აქტია“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ინციდენტი ბულგარეთსა და პოლონეთში Starlink-ის სადგურების დაწვის წინა შემთხვევებს უკავშირდება.
„ეს რუსეთის მცდელობების ნაწილია, ხელი შეუშალოს Starlink-ის მუშაობას და გავლენა მოახდინოს უკრაინის ოპერაციების წარმატებაზე. სამიზნე უკრაინაა“, - აღნიშნა ლიეტუვის მთავრობის კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
ცნობისათვის, 23 სექტემბერს პოლონეთის სოფელ ვოლა-კრობოვსკაში მდებარე Starlink-ის სატელიტური კავშირის სახმელეთო სადგურზე ხანძარი გაჩნდა.
პროკურატურამ დაიწყო დივერსიისა და ტერორისტული ხასიათის დანაშაულის ფაქტზე გამოძიება.
ამასთან, მიმდინარე თვეში ბულგარეთში განაცხადეს, რომ სოფიის მახლობლად Starlink-ის სატელიტურ სისტემასთან დასაკავშირებელი 17 ანტენიდან 11-ის შესაძლო განზრახ დაწვის ფაქტს იკვლევენ.