დონალდ ტრამპის მიერ ენერგეტიკული ზავის გამოცხადების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 76-ჯერ მიიტანა იერიში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, გასულ ღამეს რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკის და ოდესის ოლქებში მდებარე ქვესადგურებს.
„ათიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ენერგეტიკოსები და სარემონტო ჯგუფები პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ელექტროენერგიის აღსადგენად. რუსებმა ასევე ღამით ჩვენს რეგიონებში საცხოვრებელი შენობები დაბომბეს. ამ დროისთვის ცნობილია 12 ადამიანის დაშავების შესახებ, მათ შორის ორი ბავშვის. ორი ადამიანი დაიღუპა. დღეს დილით, ვოლინში სასოფლო-სამეურნეო საწარმო დაბომბეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საერთო ჯამში, ბოლო კვირის განმავლობაში, რუსებმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 2700 დრონი, 1700 საჰაერო ბომბი და 66 რაკეტა, რომელთა უმეტესობა ბალისტიკური იყო, გაუშვეს. ეს დარტყმები, ძირითადად, ენერგეტიკის სექტორისკენ იყო მიმართული.
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ 11 ოქტომბერს განაცხადა, თუმცა კრემლს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.