უკრაინის სამხედროებისთვის Starshield-ის თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის მუშაობის შეზღუდვის შესახებ ბრძანება უშუალოდ თეთრი სახლიდან გაიცა. სისტემა უკრაინას ბრძოლის ველზე კავშირის შენარჩუნებისა და დრონების ჩამჭრელი აპარატების მართვისთვის სჭირდება.
ამის შესახებ სააგენტო Reuters ორ ამერიკელ და ერთ დასავლელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ანონიმურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ პენტაგონის ხელმძღვანელობამ თეთრი სახლისგან უკრაინის სამხედროებისთვის Starshield-ის მუშაობის შეზღუდვის მითითება მიიღო. მათ არ დაუკონკრეტებიათ, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება ან ვინ იყო ბრძანების შესრულებაზე პასუხისმგებელი.
Reuters-ის ცნობით, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სისტემის მუშაობის დროებით შეზღუდვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტა მოითხოვა.
Reuters-ის კითხვაზე, ვინ გასცა Starshield-ის მუშაობის შეზღუდვის ბრძანება, აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უარყო ტრამპის კავშირი ამ გადაწყვეტილებასთან.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მსგავსი ბრძანება არ გაუცია. ამასთან, თეთრ სახლში არ უპასუხეს შეკითხვას, შეეძლო თუ არა ასეთი მითითება ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელს გაეცა.
სამშაბათსა და ოთხშაბათს Starshield-ის მუშაობის მოულოდნელი შეზღუდვის შემდეგ უკრაინის მაღალჩინოსნები თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და პენტაგონს დაუკავშირდნენ. ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ვაშინგტონში კიევს განუცხადეს, რომ გადაწყვეტილება თეთრ სახლში მიიღეს.
უკრაინელი მაღალჩინოსნებისა და სამხედროების განცხადებით, შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა რუსეთის ჯარებზე დარტყმების განხორციელება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლოჯისტიკური ოპერაციები. ამასთან, შეიზღუდა რუსული ტიპის „შაჰედის“ დრონების ჩამოსაგდებად დრონების ჩამჭრელი აპარატების გამოყენების შესაძლებლობაც.
Starshield კომპანია SpaceX-მა Starlink-ის თანამგზავრული ქსელის ბაზაზე შექმნა. სისტემა სპეციალურად სამთავრობო უწყებებისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებისთვის, მათ შორის პენტაგონისთვისაა განკუთვნილი.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ Starshield აშშ-ის მთავრობას ეკუთვნის და მის კონტროლქვეშაა. შესაბამისად, სისტემის მუშაობის სიჩქარის ან გამოყენების ნებისმიერ შეზღუდვას პენტაგონი ან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განსაზღვრავს.