უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მომავალ კვირას ბუდაპეშტს ეწვიოს. ვიზიტი უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობების აღდგენის პროცესს უკავშირდება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, იჰორ ჟოვკვამ, ტელეარხ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟოვკვას თქმით, ზელენსკი უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ღონისძიება 23 ოქტომბერს გაიმართება. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის.
„მივიღეთ მოწვევა. 23 ოქტომბერს უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება“, - განაცხადა ჟოვკვამ კითხვაზე, მიიღო თუ არა ზელენსკიმ უნგრეთის დედაქალაქში ჩასვლის მოწვევა.
„უკრაინის პრეზიდენტმა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა მიიღო. ვნახოთ“, - დასძინა მან.
შესაძლო ვიზიტი უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობებს ემთხვევა. ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში არსებული უთანხმოებები არაერთხელ გამხდარა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეფერხების მიზეზი.
ამასთან, პარასკევს, ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის ფარგლებში, ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარს შორის პირველი ოფიციალური ორმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. მხარეები შეხვედრის თარიღსა და ადგილთან დაკავშირებით რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.
ჟოვკვას განცხადებით, კიევი შეხვედრის მიმართ დადებითად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების ბოლოდროინდელი დათბობა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს.
„ჩვენი მოლოდინი ძალიან პოზიტიურია“, - აღნიშნა მან და უნგრეთს მადლობა გადაუხადა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების წინსვლის მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ 12 ოქტომბერს განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები საჭირო იყო იმისთვის, რომ უნგრეთს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში მეორე და მესამე კლასტერების გახსნაზე თანხმობა განეცხადებინა.
მომდევნო დღეს, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა წინააღმდეგობა მოხსნა, ევროკავშირმა უკრაინასთან აღნიშნულ ორ კლასტერზე მოლაპარაკებები დაიწყო.