ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა…ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობიდან მეცხრამეტე კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღევანდელ კვირა დღეს! დღეს წმინდა სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი სასწაულებრივი თევზჭერის შესახებ, საიდანაც განსაკუთრებით ჩანს ღვთის ლოცვა-კურთხევის ძალა და მნიშვნელობა.
სახარება მოგვითხრობს, რომ მოციქულები – პეტრე, იაკობი და იოანე – მთელი ღამე თევზაობდნენ, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. და აი, როდესაც მათ იესო ქრისტეს ლოცვა-კურთხევით მოისროლეს ბადე, იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ და ორივე ნავი ისე აავსეს, ლამის იძირებოდნენ. რა თქმა უნდა, გაკვირვებამ, გაოცებამ შეიპყრო ისინი.
ამაზე წერს წმინდა იაკობ მოციქული: „გსურთ და არ გაქვთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ; ითხოვთ, მაგრამ არ გეძლევათ, იმიტომ, რომ არასწორად, ბოროტად, თქვენი ვნებების დაკმაყოფილებისთვის ითხოვთ“ (იაკ. 4, 2-3). ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა.
ამიტომაც ამბობს უფალი იესო ქრისტე სახარებაში: „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი“ (ინ. 15, 5). წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი“ (ფსალ. 126, 1).
მართლაც, როდესაც ადამიანი გამოითხოვს ღვთისგან ლოცვა-კურთხევას, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ თავის ჭკუას და ძალას კი არ ენდობა, არამედ ესავს ზეგარდამო ლოცვა-კურთხევას და შეწევნას. ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა.
ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც გითხარით, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ვიქონიოთ ღვთისგან ლოცვა-კურთხევა, მით უმეტეს, არ მოითხოვს დიდ შრომას, რომ მივმართოთ უფალს, პირჯვარი გადავისახოთ და ვთქვათ: „უფალო, მიკურთხე ეს საქმე, დამლოცე ამ საქმეზე“. თუ გვაქვს საშუალება, მოძღვართანაც მივიდეთ და ავიღოთ ლოცვა-კურთხევა, მთლად უკეთესი! ამაზე დიდად არის დამოკიდებული ჩვენი საქმის და ამა თუ იმ წამოწყების წარმატება.
რა თქმა უნდა, ეს დიდი სასწაული რომ იხილეს მოციქულებმა, შეეშინდათ, გაუკვირდათ. განსაკუთრებით პეტრეზეა აღნიშნული სახარებაში, რომ მასში გაიღვიძა სინანულმა. მან გააცნობიერა, რომ უღირსია, იყოს მაცხოვრის გვერდით; დაუჩოქა მას და უთხრა: „გამშორდი, უფალო, მე არ ვარ ღირსი, შენთან ვიყო“. უფალმა მიუგო: „ნუ გეშინია, პეტრე, ამიერიდან გახდები შენ კაცთა მონადირე“ (ლკ. 5, 8-10).
რას ნიშნავს „კაცთა მონადირე“? როგორ უნდა მოინადირო ადამიანი? ადამიანის მონადირება ნიშნავს მის გადარჩენას ბოროტებისგან, ეშმაკის მახეებისგან, ცოდვისგან, მის შემობრუნებას ქრისტესკენ, სულის ცხონებისკენ. ასეთი მონადირება კაცთა დღესაც გრძელდება, იმიტომ, რომ ეშმაკის მახეები მრავლად არის დაგებული და მრავალი ებმება ამ მახეებში, მაგრამ უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი ერთგული მსახურების, თავისი სიტყვის, თავისი ეკლესიის მეშვეობით მოგვიწოდებს, მოგვიხმობს თავისკენ და სულის გადარჩენისკენ. შეგახსენებთ მის სიტყვებს: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენებთ თქვენ“ (მთ. 11, 28 ).
კიდევ ერთი რამ იპყრობს ჩვენს ყურადღებას ამ სახარებაში. როდესაც მოციქულებმა ასეთი დიდი შემოსავალი მიიღეს, ასეთი საოცარი თევზჭერა ჰქონდათ, არ მოიხიბლნენ ამ სიმდიდრით, არ მიეჯაჭვნენ გულით ამ მატერიალურ სიკეთეებს, არამედ მიატოვეს თავიანთი ბადეები, ყველაფერი და გაჰყვნენ, შეუდგნენ უფალს. ესეც დიდი მაგალითია ჩვენთვის. ჩვენც, როდესაც მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, ეს არ გახდეს ჩვენთვის მთავარი ამ ცხოვრებაში, არ მივეჯაჭვოთ გულით, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები, რომელთა შესახებ შესანიშნავად წერს წმინდა პავლე მოციქული, რომ ადამიანის თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და კაცსაც არ გაუვლია გულში სიკეთეები, რომლებიც ღმერთმა განუმზადა თავის მოყვარულ ადამიანებს (I კორ. 2, 9).
რა სიკეთეებია ეს, ძვირფასო ძმებო და დებო? ეს არის მკვდრეთით აღდგომა, ეს არის სხეულის უხრწნელება, ანგელოზებთან ერთობა, მთავარანგელოზებთან ზეიმი, ღმერთთან მარადიული სიხარული და ცხოვრება, რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოთ მამით, ყოვლადწმინდით, სახიერით, ცხოველსმყოფელი სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“,- აღნიშნა პატრიარქმა შიო მესამემ.