აშშ-ის პენსილვანიის შტატის ქალაქ ერიში კაცმა საკუთარ სახლში რვა ადამიანი მოკლა, მათ შორის ორსული ქალი, ბავშვები და სხვა ნათესავები, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ამის შესახებ Associated Press ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.
ადგილობრივი პოლიციის უფროსის, რიკ ლორას განცხადებით, 45 წლის კაცი წინა სროლის შედეგად დაღუპული შვიდი ადამიანის ნათესავი იყო. მერვე მსხვერპლი კი ორსული ქალის მეგობარი იყო.
ლორას თქმით, გამომძიებლების მიერ ამოღებულ ვიდეო- და აუდიომასალებში ისმის სროლების ხმები, რომლებიც სახლიდან ისმოდა. ამის შემდეგ ადგილზე ორი ქალი მივიდა და კარზე დააკაკუნა. შეიარაღებული კაცი სახლიდან გამოვიდა, მათ ესროლა, შემდეგ კი შენობაში დაბრუნდა.
პოლიციის მისვლისას ორივე ქალი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველებმა დრონისა და რობოტის დახმარებით სახლში შესვლა შეძლეს. პირველ სართულზე მათ ხუთი წლის ბიჭისა და ერთი წლის გოგონას ცხედრები აღმოაჩინეს. კიბის უჯრედში კიდევ ორი ქალისა და ორი ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, ხოლო თავად თავდამსხმელი მეორე სართულზე იყო.
„მსხვერპლთა და მათი ოჯახების პატივისცემის გამო, არ ვისაუბრებ იმ დეტალებზე, რომლებსაც ჩვენი თანამშრომლები სახლში შესვლისას წააწყდნენ. თუმცა მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიეროს მომხდარის სიმძიმე და ის ღრმა გავლენა, რომელიც ამ ტრაგედიამ როგორც მასში უშუალოდ ჩართულ ადამიანებზე, ისე მთლიანად ჩვენს საზოგადოებაზე მოახდინა“, - განაცხადა პოლიციის უფროსმა პრესკონფერენციაზე.
ლორამ თავდასხმის მოტივზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ გამომძიებლები სხვა ნათესავებს გაესაუბრებიან და შეამოწმებენ სახლის გარეთ მოკლული ქალების მობილურ ტელეფონებს.
„მათ იცოდნენ, რომ იმ სახლში რაღაც ხდებოდა. უნდა გავარკვიოთ, კონკრეტულად რა“, - განაცხადა მან.