უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და სწორედ ხალხს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება.
სიბიჰამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა - ისეთი ლიდერის, რომელიც რუსეთთან შეთანხმებას შეძლებს.
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ ერს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის ომის პერიოდში ხელმძღვანელობს. მას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და სწორედ ხალხს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება. უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ადასტურებს, რომ ის თავის მოვალეობას კარგად ასრულებს. ის მხარდაჭერას იმსახურებს“, - წერს სიბიჰა სოციალურ ქსელ X-ზე.
სხვა პოსტში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ „გუშინდელი არაკონსტრუქციული მოვლენების შემდეგ, დღევანდელი დღე უკრაინისთვის აქტიური დიპლომატიური საქმიანობის დღედ იქცა“.
სიბიჰას განცხადებით, უკრაინის პარტნიორების მხარდაჭერა კვლავ მტკიცე და ურყევია.
„ახლა სისუსტის დრო არ არის. მომავალი კვირა ევროპული ძალის, სიმტკიცისა და მოსკოვზე გაძლიერებული ზეწოლის კვირა უნდა გახდეს. ერთად შეგვიძლია, ბოლო მოვუღოთ პუტინის ზეიმს და გამანადგურებელი დარტყმა მივაყენოთ მის ეკონომიკასა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ.