უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს, თუ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს.
„ევროპაში ომის რეალური მიზეზი რუსეთია და მხოლოდ ის. ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერება დღესვე რეალურად შესაძლებელია, მაგრამ პუტინს ამის გაკეთება არ სურს. უკრაინა მზად იქნება, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს, თუ რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ესკალაციის შემცირებისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოს და რეალური გარანტიებით უნდა იყოს გამყარებული.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაახლოებით 1 450 მართვადი საავიაციო ბომბი, სხვადასხვა ტიპის 75 რაკეტა და 1 640-ზე მეტი დამრტყმელი დრონი გამოიყენა. ზელენსკის ცნობით, დრონების დაახლოებით 60% რეაქტიული იყო.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის. ტრამპმა ამის შესახებ 9 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა და პუტინთან საუბარს "უაღრესად წარმატებული" უწოდა.