რუსეთმა ნატო-ს არაოფიციალური დოკუმენტი გაუგზავნა, რომელშიც კალინინგრადის ოლქისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს. ალიანსმა მოსკოვს უპასუხა და ძალის გამოყენების ნებისმიერი მუქარა, მათ შორის „უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა“, დაგმო.
ნატო-ს პრესსპიკერმა ელისონ ჰარტმა დაადასტურა, რომ რუსეთმა ალიანსს დოკუმენტი გაუგზავნა და ნატო-მაც საპასუხო დოკუმენტი გაგზავნა. იუწყება Reuters.
„შემიძლია დავადასტურო, რომ რუსეთმა ნატო-ს არაოფიციალური დოკუმენტი გაუგზავნა და ჩვენ საპასუხოდ აღვნიშნეთ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და ჩვენი არც ერთი მოქმედება ან სამხედრო წვრთნა რუსეთის რომელიმე ნაწილისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა ჰარტმა.
მისივე თქმით, ალიანსი „მტკიცედ გმობს ძალის გამოყენების მუქარას, მათ შორის ნებისმიერ უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას“.
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ნატო-სთვის გაგზავნილ დოკუმენტში მოსკოვი ალიანსს „საშიშ და დაუფიქრებელ კურსში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თუ ნატო-ს ქვეყნები კალინინგრადის დანარჩენი რუსეთისგან იზოლირებას შეეცდებიან, რუსეთი საკუთარი ტერიტორიის დასაცავად მის ხელთ არსებული ძალებისა და შესაძლებლობების, მათ შორის ბირთვული იარაღის, გამოყენებისთვის მზად იქნება.
რუსეთი ასევე მიუთითებს, რომ კალინინგრადის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში ნატო-ს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს. მოსკოვი ამასთან უარყოფს, რომ ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმას გეგმავს.
ჰარტმა განაცხადა, რომ ნატო-მ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა. ალიანსის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის მიერ ჰიბრიდული ტაქტიკის გამოყენება ნატო-ს უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმას ვერ აიძულებს.