გამოცემა Rapporteur-ის ცნობით, ევროკავშირი მხარს არ უჭერს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას.
როგორც ცნობილია, საქართველო დაინტერესებულია, რომ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველომ 2027 წლისთვის ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე განაცხადი შეიტანა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის შესახებ მან გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს კანდიდატურას მიეძღვნა.
როგორც გამოცემა წერს, ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობის ერთადერთი ოფიციალური კანდიდატი კვიპროსია, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა მხარს უჭერს, თუმცა მის კანდიდატურას თურქეთი ბლოკავს.
„აღნიშნულმა დავამ ეუთო მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით კონსენსუსის გარეშე დატოვა, რამაც საქართველოს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი თავი ალტერნატივად წარადგინოს“, - წერს Rapporteur.
Rapporteur-მა კითხვით მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სპიკერს, კრისტიან ვიგანდს, უჭერს თუ არა ევროკავშირი მხარს კვლავ კვიპროსს 2027 წლის თავმჯდომარეობაზე და განიხილავს თუ არა ალტერნატიულ კანდიდატს ან ჩიხიდან გამოსვლის სხვა გზას. ვიგანდმა გამოცემას განუცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს კვიპროსის კანდიდატურას და ალტერნატიულ კანდიდატს არ განიხილავს.
როგორც გამოცემა წერს, თუ თურქეთი კვიპროსის კანდიდატურის დაბლოკვას გააგრძელებს, საქართველოს კანდიდატურა ლუგანოს მინისტრთა საბჭოზე, შესაძლოა, პოტენციურ ალტერნატივად იქნეს წარდგენილი.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს პოტენციური კანდიდატურის მიმართ განსაკუთრებით მკაცრი პოზიცია ბალტიის ქვეყნებს აქვთ. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით ბუნდოვანია რუსეთის პოზიციაც.