განცხადებები "ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას“, - ასე ეხმიანება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოს მიერ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება მიუღებელია“.
„აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ამავდროულად, ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ანალოგიური პატივისცემის გამოვლინება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საფუძველს. სწორედ ამ კუთხით არის გაუგებარი საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ ისეთი მიდგომებისგან, რომლებმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მეგობრობისა და კეთილმეზობლობის იმ ისტორიულ კავშირებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებს შორის.
ამ მხრივ, არ არის რეკომენდებული სომხური ეკლესიის ცნობილი მიდგომების გამეორება ან მისი გზის გაყოლა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
24 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქომ შეშფოთება გამოხატა და შესაბამისი სამსახურების ჩართვა მოითხოვა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარსა და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების გამო. ეს ტერიტორია განცხადებაში მოხსენიებული იყო „ისტორიულ ჰერეთად“.
„უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე... ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე“, - ეწერა განცხადებაში.