დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედ მილიბენდმა განაცხადა, რომ ლონდონი რუსეთის ოფიციალურ პირებთან პირდაპირი კონტაქტების პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს. მისი განცხადება აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მოჰყვა, მიიწვიოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე.
მილიბენდის თქმით, აშშ-მა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პუტინის სამიტზე მიწვევასთან დაკავშირებით, თუმცა დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა იგივე გზა არ აირჩიოს.
„ჩვენ დიდი ხანია გვაქვს პოლიტიკა, რომლის თანახმადაც, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩვენი წარმომადგენლები რუსეთის მხარესთან პირდაპირ კონტაქტებს არ ამყარებენ. ამ პოლიტიკის შეცვლას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მილიბენდის თქმით, ეს გადაწყვეტილება, მათ შორის, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას უკავშირდება.
„სხვადასხვა ქვეყანა ამ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებს“, - აღნიშნა მან.
მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი წლის ბოლოს მაიამიში დაგეგმილ სამიტს დაესწრება.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ პუტინის მონაწილეობა „დიდი ოცეულის“ შეხვედრაში შესაძლოა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასრულებაზე „სერიოზული მოლაპარაკებების“ დასაწყისი გახდეს.
2026 წლის დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობაზე მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი იმედი გამოთქვა, რომ პუტინი სამიტს დაესწრება.