28 სექტემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის ცენტრს დრონებით მეორედ დაარტყეს. თავდასხმის შედეგად შვიდსართულიანი ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა, ხანძარი კი ქალაქის ცენტრში მდებარე „დობრობუტის“ კლინიკაში გაჩნდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, შევჩენკოს რაიონში დრონი შვიდსართულიან ადმინისტრაციულ შენობას მეოთხე სართულის დონეზე დაეჯახა.
„შევჩენკოს რაიონში, შვიდსართულიან ადმინისტრაციულ შენობას მეოთხე სართულის დონეზე მოხვდა“, განაცხადა კლიჩკომ.
მისი ინფორმაციით, 28 სექტემბერს კიევზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 19-ს მიაღწია, მათ შორის სამი ბავშვია. ექვსი დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დღის განმავლობაში კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა.
ამავდროულად, თვითმხილველებმა სოციალურ ქსელებში „დობრობუტის“ კლინიკაში გაჩენილი ხანძრის ამსახველი ვიდეოები გაავრცელეს. კლინიკის მიმდებარედ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოა.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში საჰაერო განგაში თითქმის უწყვეტად გრძელდება. არსებობს რეაქტიული დრონების გამოყენებით თავდასხმის საფრთხე.
ცნობისთვის, დღეს ოკუპანტებმა კიევის შევჩენკოს რაიონს დრონებით შეუტიეს. თავდასხმის სამიზნე უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობა გახდა. დაიღუპა ერთი ადამიანი.