28 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, დოროჰუსკი-იაგოდინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის სიახლოვეს, რუსული დრონი ჩამოვარდა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, დრონი უკრაინის ტერიტორიაზე, სასაზღვრო პუნქტიდან დაახლოებით 2 კილომეტრში, იაგოდინის დასახლებასთან ჩამოვარდა. პოლონეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებით, რუსული დრონის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ინციდენტის გამო პოლონეთის ლუბლინის რეგიონში საჰაერო განგაშის სისტემა ამოქმედდა. დოროჰუსკი-იაგოდინის სასაზღვრო პუნქტთან მოძრაობა დროებით შეჩერდა და პუნქტის პერსონალის ევაკუაციაც განხორციელდა.
პოლონეთის ოპერატიული სარდლობის წარმომადგენლის, ვიცე-პოლკოვნიკ იაცეკ გორიშევსკის განცხადებით, დრონი იაგოდინთან, პოლონეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, უკრაინის ტერიტორიაზე მოხვდა. მისი თქმით, პოლონეთის ავიაცია მზადყოფნაში იყო რეაგირებისთვის.