ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ლიეტუვა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის, მოსკოვში ვიზიტის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული.
„დიახ, ჩვენ ვიცოდით“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„შეხვედრის შინაარსზე საუბარი არ მსურს, რადგან ეს, პირველ რიგში, შეხვედრის მონაწილე მხარეებს შორის მოლაპარაკებისა და განხილვის საგანია. ჩვენმა პარტნიორებმა გვაცნობეს, რომ ამ შეხვედრის, მისი მიზნებისა და შინაარსის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ, პრაქტიკულად, ალბათ უკვე მომავალ კვირას მივიღებთ“, - განაცხადა ნაუსედამ.
მისი აზრით, შეხვედრის მიზანი რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობის შემცირება იყო.
„მე მხოლოდ იმის ვარაუდი შემიძლია, რომ ეს შეხვედრა ნამდვილად რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობის შემცირებას ემსახურება, რაც პოზიტიურად განმაწყობს“, - განაცხადა მან.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი სამშაბათს მოსკოვში იმყოფებოდა. ის ერთ-ერთია აშშ-ის იმ მცირერიცხოვან მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ჩავიდნენ.
ვიზიტის მიზანზე არც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და არც თეთრი სახლიაკომენტარებს არ აკეთებენ.