2026 წლის 20 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.
განცხადებას გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები: ლატვია, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო, ასევე მომავალი წევრები - ავსტრია და პორტუგალია ავრცელებენ.
„მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და გაერო-ს წესდების დარღვევით უკანონო სამხედრო ყოფნას, ეფექტური კონტროლის განხორციელებას და ორი ქართული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერას, რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ბოლო დროს ხელმოწერილ ე.წ. „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას“, მისი განხორციელებისთვის დაუყოვნებლივ გადადგმულ ნაბიჯებს და რუსეთის მოქალაქის დანიშვნას საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ლიდერად, საქართველოს ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილების რუსეთისთვის გადაცემას და უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებას.
მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, რომელმაც აღიარა ან დაამყარა ურთიერთობები ამ ერთეულებთან, მიჰყვნენ ამ მაგალითს და პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ უწყვეტ პროვოკაციებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევებს და ორი ქართული რეგიონის მილიტარიზაციას, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას; ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს; ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას; მათ ენაზე განათლების აკრძალვას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას; მავთულხლართების აღმართვას და რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არაავტორიზებული ფრენების, რკინიგზისა და საზღვაო კავშირების დამყარებას. ასევე ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიას და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობას. ამ დანაშაულების ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ და პასუხისგებაში მიეცნენ. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ეს გადაწყვეტილებები. ასევე ხაზს ვუსვამთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერების გაცემას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ვიმეორებთ 18 წლიან მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს ორი ქართული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და დაუშვას ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლა ორივე რეგიონში. ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე“ - ნათქვამია განცხადებაში.