კომპანია „იტალფარმაკოსთან“ გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს.
„ამ მედიკამენტს მაღალი ფასის გამო არ ყიდულობს მრავალი ისეთი ქვეყანაც კი, რომლის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს ეკონომიკას 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, თუმცა საქართველო არის, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში, მოქალაქეებზე ზრუნვის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, ასე ვიტყოდი საკმაოდ თამამად. სწორედ ამის გამოხატულებაა ის პროცესები, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტულად ამ მედიკამენტის შეძენასთან. სწორედ ამ ზრუნვის გამოხატულებაა ამ პროცესების წარმატებით დაგვირგვინება. ეს მედიკამენტი განკუთვნილია პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. ახლაც გრძელდება აქტიურად მუშაობა მეორე მედიკამენტის შესაძენად და იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება წარმატებით ეს პროცესიც. მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს ამ პროცესის აქტიურად წარმართვისთვის და წარმატებით დასრულებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.