უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ვიქტორ ორბანი და მისი პარტია "ფიდესი" სტრატეგიულად დამარცხდნენ არჩევნებში, რადგან თავიანთი საარჩევნო კამპანია უკრაინის მიმართ სიძულვილზე ააგეს.
„მე ეს ბევრჯერ მითქვამს და ბევრი ლიდერი არ მეთანხმებოდა. სიძულვილზე დამყარებით მუდმივად ვერ მოიგებ. შეიძლება ტაქტიკურად მოიგო, მაგრამ სტრატეგიულად აუცილებლად დამარცხდები. არჩევნები უნგრეთში ორბანის სტრატეგიული მარცხია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მან „ყველაფერი გააკეთა“, რათა ურთიერთობა დაელაგებინა ორბანის მთავრობასთან, „მაშინაც კი, როდესაც ის [ორბანი] ჩემ წინააღმდეგ სიძულვილის შემცველ ბილბორდებს აკრავდა“.
„მე ვთქვი, რომ მე უკრაინელი ხალხის არჩევანი ვარ. ჩემდამი სიძულვილი უკრაინელების მიმართ სიძულვილის პროექციაა. მან თავისი კამპანია უკრაინელების მიმართ სიძულვილზე ააგო, ხოლო უნგრელებმა აჩვენეს - შეხედე, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით“, - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.
მას შემდეგ, რაც 12 აპრილის არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტია დამარცხდა, ევროპის კავშირში იმედოვნებენ, რომ მალე განიბლოკება უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი და ასევე დამტკიცდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი.