პარტია "ფედერალისტების" თავმჯდომარე, გოგა ბოკერია გამოეხმაურა თბილისში, ირანის საელჩოსთან საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელების აიათოლა ალი ხამენეის ფოტოებით მისვლას და სამძიმარი გამოხატვას.
ბოკერიას განცხადებით, " საჯარო ჯგუფური განაცხადი, რომლითაც მოქალაქეები უცხო ქვეყნის, თანაც ტერორისტულ რეჟიმს მორჩილებას უცხადებენ, აშკარად მყისიერი საფრთხის მატარებელია".
“ხამენეი, მზად ვარ შენი ბრძანების შესასრულებლად!” - ამ მოწოდებით შეიკრიბნენ დღეს თბილისში ირანის საელჩოსთან საქართველოს მოქალაქეები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ მიმდინარეობდა წლების განმალობაში ივანიშვილის რეჟიმის კურთხევით საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებში ირანის ისლამისტური რეჟიმის პოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენის ინფილტრაცია.
ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ცხოვრობდნენ მავნე იდეებით მოწამლული მოქალაქეები, თუმცა საჯარო ჯგუფური განაცხადი, რომლითაც მოქალაქეები უცხო ქვეყნის, თანაც ტერორისტულ რეჟიმს მორჩილებას უცხადებენ, აშკარად მყისიერი საფრთხის მატარებელია.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით ამ განწყობილებების მთელი ქსელი გაქვს.
და ამას ადასტურებს როგორც ბოლო პერიოდში ქვემო ქართლში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით ტერორისტული ჯგუფების და ისლამისტური რეჟიმის მხარდამჭერი დემონსტრაციები, ასევე მუსლიმთა სამმართველოს საჯარო პოზიციონირება, რომელმაც კაცობრიობის მტრად არა ირანის ტერორისტული რეჟიმი, არამედ მასთან დაპირისპირებული თავისუფალი სამყარო შერაცხა.
ასეთ დროს სუსი რადიკალი ისლამისტების გავლენის განეიტრალების ნაცვლად, ამ გავლენის საფრთხეზე საუბრისთვის იბარებს ადამიანებს დაკითხვაზე.
უთვალთვალებენ დასავლელ დიპლომატებს, მტრად რაცხავენ ქართველი ხალხის მოკავშირეებს, რაც მთავარია, ქვეყნის შიგნით დევნიან დემოკრატიულ ოპონენტებს და კანონმორჩილ მოქალაქეებს - და ამ დროს მათ თვალწინ ან მათი კურთხევით, თავისუფლების მტრები ქვეყნის შიგნით პოზიციებს იძლიერებენ.
ამ რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა ნიშნავს ქვეყნის სუვერენეტიტეტის ჩამოშლას, ქაოსს და დესტაბილიზაციას.
ქართველები რეალურ უსაფრთხოებას მივაღწევთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს ნახტომისებურად გავაძლიერებთ, ქვეყნის შიგნით მტრული სახეომწიფოების გავლენის ქსელებს გავანეიტრალებთ, აღვადგენთ და განვამტკიცებთ ურთიერთობას ქართველი ხალხის მოკავშირეებთან და ქვეყანას უსაფრთხო, დასავლური სივრცის ნაწილად ვაქცევთ", - წერს ბოკერია.
ცნობისათვის, ირანის საელჩოსთან საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელები ყვიროდნენ: "ხამენეი, მზად ვარ შენი ბრძანების შესასრულებლად!"