აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად მიანიშნა, რომ დემოკრატიასა და სეკულარიზმს ირანის ახალი მთავრობის ფუნდამენტურ კრიტერიუმებად არ მიიჩნევს და მისთვის მთავარი კრიტერიუმი აშშ-სა და ისრაელის მიმართ მთავრობის ლოიალობაა. იუწყება CNN
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „ისეთი ქვეყანა აღარ არის, როგორიც ერთი კვირის წინ იყო“. მისივე თქმით, ქვეყნის ხელმძღვანელობა „ერთი კვირის წინ ძლიერი იყო, ახლა კი განეიტრალებულია“.
ამერიკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ახალი ლიდერის არჩევაში ის უნდა მონაწილეობდეს და პარალელები ვენესუელასთან გაავლო.
„ეს ძალიან მარტივად იმუშავებს. ეს ისე იმუშავებს, როგორც ვენესუელაში. ახლა იქ შესანიშნავი ლიდერი გვყავს, ის ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს“, - თქვა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესი იგულისხმა, რომელმაც აშშ-ის მიერ დაკავებული ნიკოლას მადურო შეცვალა.
„ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ იქნება ეს ადამიანი. მე არ ვარ რელიგიური ლიდერების წინააღმდეგი. მე ბევრ რელიგიურ ლიდერთან მაქვს ურთიერთობა და ისინი შესანიშნავები არიან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეკითხვაზე, მნიშვნელოვანია თუ არა მისთვის ირანის დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნა, მან უპასუხა: „არა, მე ვამბობ, რომ მთავარია იყოს ლიდერი, რომელიც იქნება პატიოსანი და სამართლიანი, რომელიც კარგ საქმეს გააკეთებს, რომელიც კარგად მოექცევა შეერთებულ შტატებს, ისრაელს და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპი ასევე მოითხოვს ირანის უპირობო დანებებას.