აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის შესახებ, რომელიც ღაზის სექტორის ომისშემდგომ მმართველობას გააკონტროლებს, ასევე რეგიონისთვის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ეტაპზე ოფიციალურად გადასვლის შესახებ.
„ჩემთვის დიდი პატივია მშვიდობის საბჭოს შექმნის გამოცხადება,“ - წერს ტრამპი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ღაზის სექტორისთვის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში გადასვლა, როგორც ეს ადრე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, უკვე განხორციელდა.
„როგორც მშვიდობის საბჭოს თავმჯდომარე, მე მხარს ვუჭერ ახლად დანიშნულ პალესტინის ტექნოკრატიულ მთავრობას, ღაზის მმართველობის ეროვნულ კომიტეტს, რომელსაც მხარს უჭერს საბჭოს უმაღლესი წარმომადგენელი, რათა მართოს ღაზა გარდამავალ პერიოდში. ეს პალესტინელი ლიდერები ურყევად ერთგულნი არიან მშვიდობიანი მომავლის!“ - წერს ტრამპი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ“ მისმა გუნდმა ღაზას „რეკორდული რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება“ მიაწოდა.
მისი თქმით, „ამ შედეგებმა შექმნა წინაპირობები შემდეგი ეტაპისთვის“.
„ეგვიპტის, თურქეთისა და კატარის მხარდაჭერით, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჰამასთან დემილიტარიზაციის შესახებ ყოვლისმომცველი შეთანხმების დადებას, მათ შორის ყველა სახის იარაღის ჩაბარებას და ყველა გვირაბის დემონტაჟს.
ჰამასმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, მათ შორის უკანასკნელი ცხედრის ისრაელში დაბრუნება და სრული დემილიტარიზაციის პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყოს,“ - წერს ტრამპი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ჰამასს შეეძლო ამის გაკეთება „მარტივი ან რთული გზით“.
„ღაზის მოსახლეობა საკმარისად დიდხანს იტანჯა. დრო დადგა“, - თქვა ტრამპმა.
გასული წლის დეკემბერში უიტკოფმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის წარმომადგენლები შეხვდნენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზის პროგრესის შესაფასებლად და მეორე ფაზისთვის მზადების დასაგეგმად.