ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც წესით გამჭვირვალობის მაგალითს უნდა იძლეოდეს, თავად გვიმალავს ჩვენივე ორგანიზაციების მიმართ დაწყებული მონიტორინგის წარმოების მასალებს, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, ბიუროს არაერთი მოთხოვნით მიმართეს, თუმცა „არც კი იმჩნევს“, რომ დაწყებული წარმოების მასალები ორგანიზაციებს გაუზიაროს.
„ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული ე.წ. მონიტორინგის პროცესი, არამხოლოდ გაერთიანების თავისუფლების და სხვა თანმდევი უფლებების დარღვევის ინტენსიური პროცესია, ეს ასევე ნათლად აჩვენებს, როგორ იხარჯება სახელმწიფო რესურსები სრულიად უმიზნოდ.
ბიუროს მონიტორინგის პროცესი დაწყებული აქვს სულ მცირე, 80 ორგანიზაციასთან მიმართებით. ამოწმებს, 16 აპრილის შემდეგ ორგანიზაციებმა მთავრობის თანხმობის გარეშე ხომ არ დადეს ახალი საგრანტო ხელშეკრულებები უცხოურ დონორებთან ან ხომ არ შეცვალეს 16 აპრილამდე დადებული კონტრაქტები.
ბიურომ ძალიან კარგად იცის, რომ აქ დარღვევას ვერ იპოვის, თუმცა, რესურსების ხარჯვას მაინც განაგრძობს. ამ ორგანიზაციების ნახევარზე მეტს, ახალი კი არა, არც ძველი დადებული ხელშეკრულებები აღარ აქვთ და რეპრესიული გარემოს გამო, მხოლოდ მოხალისეობრივ საქმიანობას აგრძელებენ.
ეს ყველაფერი ბიუროსათვის ცნობილია, თუმცა, მაინც აგრძელებს მათ მიმართ მონიტორინგს პროცესს - მიმართავს წერილით ორგანიზაციას, შემდეგ სასამართლოს და სასამართლოსაგან ითხოვს ორგანიზაციისათვის დოკუმენტაციის მიწოდების დავალებას, სასამართლო კონვეიერული სისტემით უპირობოდ აკმაყოფილებს ბიუროს მოთხოვნებს და ორგანიზაციებს ავალებს არარსებული დოკუმენტების ბიუროსათვის მიწოდებას, ამასვე ავალებს ყველა კომერციულ ბანკს და შემოსავლების სამსახურს და ხარჯავს მათ რესურსებსაც და ასე, დაუსრულებლად.
და ბოლოს, ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც წესით გამჭვირვალობის მაგალითს უნდა იძლეოდეს, თავად გვიმალავს ჩვენივე ორგანიზაციების მიმართ დაწყებული მონიტორინგის წარმოების მასალებს. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არც კი იმჩნევს, რომ ვალდებულია, ჩვენს მიმართ დაწყებული წარმოების მასალები გაგვიზიაროს“, - წერს საიას თავმჯდომარე.