რუსული დრონი ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ისინი ავიადარტყმის ადგილზე სამაშველო სამუშაოებს ატარებდნენ. თავდასხმის შედეგად სამაშველო ტექნიკა დაზიანდა.
„8 ნოემბერს დილით მტერმა მიზანმიმართულად შეუტია საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც თავშესაფარზე განხორციელებული ავიადარტყმის ადგილზე სამაშველო სამუშაოებს ატარებდნენ. საბედნიეროდ, პერსონალი არ დაშავებულა. დაზიანებულია სპეციალური სამაშველო ტექნიკა“, - ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციაში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომხდარს გამოეხმაურა.
„დღეს დილით რუსებმა დრონით დაარტყეს კომიშუვახას, სადაც უკვე მეშვიდე დღეა, გრძელდება ავიაბომბების დარტყმის შედეგად დაზიანებულ შენობაში სამაშველო-საგანგებო სამუშაოები. ავიადარტყმას 55 ადამიანი ემსხვერპლა და, სამწუხაროდ, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები. ეს სრული ცინიზმი და სისასტიკეა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს რუსეთმა მიზანმიმართული იერიში მიიტანა კომიშუვახაში, სკოლაში განთავსებულ ჰუმანიტარულ ცენტრზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებდნენ. რუსმა ოკუპანტებმა სკოლას საავიაციო ბომბებით დაარტყეს. ხალხმა თავშესაფარს შეაფარა თავი, რის შემდეგაც რუსულმა ძალებმა განმეორებითი დარტყმა განახორციელეს და თავშესაფარს კიდევ ცხრა საავიაციო ბომბი ესროლეს.