ყველანი მოდით 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რუსთაველზე - არავინ იფიქროთ, რომ სხვისი მისვლა საკმარისია - ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება - თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს, - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, დაგეგმილი შეკრება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა, რომლის მიზანია რეჟიმის დასრულება და ქვეყნისთვის თავისუფლების დაბრუნება.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც „ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება“, ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი, როგორიცაა ჯანდაცვა, ხელფასები და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა, გარანტირებული იქნება.
„მეგობრებო, 4 ოქტომბრამდე საათებია დარჩენილი - ქართველი ხალხის ეპოქალური გამარჯვებამდე. ჩვენ ვიკრიბებით რუსთაველზე, რათა ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლება. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გსურთ ღირსეული და თავისუფალი საქართველო, მოდით ყველანი 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე. არავინ იფიქროთ, რომ სხვისი მისვლა საკმარისია.
გარდა ამისა, მინდა გავაკეთო ერთი განცხადება - ხშირად გვეკითხებიან, რა მოხდება როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება. მინდა გითხრათ, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება. თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს. უფრო მეტიც, ამის შედეგად კოლაფსი მცირე ხნითაც არ შეიქმნება. ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი, როგორიცაა ჯანდაცვა, ხელფასები და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა, გარანტირებული იქნება. ხაზგასმით მინდა აღნიშნოთ, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას უზრუნველყოფენ არა მხოლოდ მინისტრები, არამედ უწყებებში უამრავი სხვადასხვა პოზიციაზე განაწილებული პროფესიონალები. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას. ამიტომ ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე მოდით ყველანი, მიღეთ მონაწილეობა ამ ისტორიულ ეროვნულ კრებაში, ერთად შევქმნათ ახალი საქართველო, დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო“, -განაცხადა ბურჭულაძემ.