ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები მალე საბოლოოდ დარწმუნდება, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს.
ნაუსედამ აღნიშნა, რომ უკრაინაში კრემლის შემდგომი აგრესიის შეკავება მხოლოდ კიევისთვის როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური მხარდაჭერის გაწევით იქნება შესაძლებელი.
„მინდა, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი უდიდესი პარტნიორი, საბოლოოდ დარწმუნდეს რუსეთის კონსტრუქციულობის ნაკლებობაში. უნდა დარწმუნდნენ, რომ მხოლოდ ლაპარაკით, შელოცვებით ან კეთილი ნებით ვერაფერს მიაღწევენ“, - განაცხადა ნაუსედამ.
მან აღნიშნა, რომ სხვა დასავლურმა ქვეყნებმა უკვე სცადეს რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის დარწმუნება ტელეფონით საუბრისას, თუმცა უშედეგოდ.
მისი თქმით, „ნატო-ს უდიდეს ქვეყნებში ჯერ კიდევ არ ესმით, რომ პუტინის ამბიციას მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება წარმოადგენს“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ გეგმებს შევეწინააღმდეგებით და ვფიქრობ, რომ ნატო-ს უდიდეს ქვეყნებში სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს და ნებისმიერ ფასად შეეცდება მის თავიდან აცილებას“, - თქვა მან.