აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს შეუძლია უკრაინას საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.
„რაც შეეხება უსაფრთხოებას, ევროპელები მზად არიან, ადგილზე ხალხი გაგზავნონ. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მათ გარკვეულ საკითხებში, განსაკუთრებით, ალბათ, ჰაერიდან, - თქვა ტრამპმა.
ამავდროულად, მან გაიმეორა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინაში არ გაიგზავნებიან.
ტრამპს დეტალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის საჰაერო მხარდაჭერა „ვარიანტსა და შესაძლებლობას“ წარმოადგენს.
„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინაში არ იქნებიან, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დახმარება კოორდინაციაში და შესაძლოა, სხვა საშუალებებით უზრუნველყოფაშიც, რათა ჩვენი ევროპელი მოკავშირეები უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველვყოთ“, - თქვა ლევიტმა.