საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და სუფთა ფურცლიდან დაწყება სურს.
ამასთან, კობახიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილი წერილი „სალანძღავი შინაარსის“ იყო და იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება კონკრეტული გზამკვლევით, რომლითაც ორივე ქვეყანა სარგებელს მიიღებს.
„ჩვენ მისგან [რობინ დანიგანისგან] არაერთი ტყუილი გვახსოვს. როგორც წინა, ისე იმის წინა ელჩისგან გვახსოვს არაერთი ტყუილი, უმძიმესი სიცრუეც, ბევრ თემასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ასეთი ტყუილები არავის არ უკვირს. ჩვენ საჯარო წერილი გამოვაქვეყნეთ, ასევე გავაგზავნეთ დახურული წერილიც. დახურული წერილი იმიტომ იყო დახურული, რომ უნდა ყოფილიყო დახურული, იქ სხვა თემებზე იყო საუბარი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ საჯაროდ არ გვინდოდა გვესაუბრა, ამიტომ იყო დახურული.
საჯარო წერილი ცნობილია, მასში საერთო სულისკვეთება იყო ასახული, ასევე დახურულ წერილშიც. საერთო სულისკვეთება არის ის, რომ ჩვენ გვინდა აშშ-თან სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. გვინდა, რომ განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც აისახება ორმხრივი სარგებელი ორივე ქვეყნისათვის.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჯანსაღი დამოკიდებულება იქნება და განახლდება სტრატეგიული პარტნიორობა, ჯანსაღი ფორმით, ეს არის ჩვენი სურვილი, ველოდებით ამერიკულ მხარეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.