თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი, ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების თაობაზე, მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებამდე, სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად რატიანმაც:
"ვეთანხმები ადვოკატებს. არა მგონია ბევრი ახსნა სჭირდებოდა რა და რატომ გავაკეთე და სათქმელს უფრო ვრცლად დასკვნითი სიტყვისთვის შემოვინახავ. ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო სიმბოლური საქციელი, ყველაზე განზოგადებული, რაც ყველა პოლიციელმა უნდა მიიღოს ეს თავის თავზე, ვინც ამ უსამართლობასა და ქვეყნის ღალატშია ჩართული. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს იყო სილა ყველასთვის", - განაცხადა ზვიად რატიანმა სასამართლოზე.
პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.