აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ალასკაში რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა წარმატებით დასრულდება, ის მეორე შეხვედრას გამართავს, რომელშიც შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღოს მონაწილეობა.
ამის შესახებ მან ზელენსკისთან, ევროკავშირის ლიდერებთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან ონლაინ-შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იტყობინება The Guardian.
ტრამპმა დადებითად ისაუბრა დღევანდელ შეხვედრაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ძალიან დიდი შანსია“, რომ მას პუტინთან მეორე შეხვედრა ექნება, „რომელიც პირველზე უფრო პროდუქტიული იქნება, რადგან პირველი შეხვედრა იმის გარკვევას ისახავდა მიზნად, თუ სად ვართ და რას ვაკეთებთ.
პუტინთან პირველი შეხვედრა თუ კარგად ჩაივლის, სურვილი მექნება, რომ თითქმის დაუყოვნებლივ დავაორგანიზოთ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შეხვედრა. და თუ მათ ენდომებათ, პრეზიდენტ პუტინს, პრეზიდენტ ზელენსკის და ჩემს შორის მეორე სწრაფი შეხვედრა გვექნება.
ეს იქნება შეხვედრა, სადაც შესაძლოა. საკითხი სრულად გადაწყდეს, მაგრამ... პირველ შეხვედრაზე უკვე შესაძლებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი რამის მიღწევა - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც მეორე შეხვედრისთვის ნიადაგს მოამზადებს“, - თქვა ტრამპმა.
ამავდროულად, ამერიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეორე შეხვედრა შესაძლოა საერთოდ არ ჩატარდეს, თუ ის გადაწყვეტს, „რომ მისი ჩატარება მიზანშეწონილი არ არის“, რადგან „საჭირო პასუხებს ვერ მიიღებს“.