ჩვენ გვიკრძალავენ ისეთი კანონების მიღებას, როგორსაც თავად იღებენ საკუთარ ქვეყნებში თუ საკუთარ სტრუქტურებში. ორმაგი სტანდარტია ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს გამოხატვის თავისუფლება, ზოგადად დემოკრატია, სამართალდამცავი სტრუქტურების დაცვა და ასე შემდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეგიონებში მერობის კანდიდატები დასახელების შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს დაუსვეს კითხვა: „ევროკავშირში ამოქმედდა მედიის თავისუფლების აქტი, რომელიც, როგორც ვიცით, ჟურნალისტების დაკავებასაც ითვალისწინებს და ეს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას ეხება. როგორია თქვენი შეფასება?“ რაზეც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი მოქმედებს.
„ყველგან ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს ნებისმიერი მიმართულებით, როდესაც საქმე ეხება იმავე გამოხატვის თავისუფლებას, ზოგადად დემოკრატიას, სამართალდამცავი სტრუქტურების დაცვას და ასე შემდეგ. ჩვენ გვიკრძალავენ ისეთი კანონების მიღებას, როგორსაც თავად იღებენ საკუთარ ქვეყნებში თუ საკუთარ სტრუქტურებში. ორმაგი სტანდარტია. ასეთი მიდგომაა, რომ საქართველომ საკუთარი თავი უნდა განიხილოს, როგორც დაბალი ღობე. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ჩვენ ვართ ზუსტად ისეთივე სუვერენიტეტით მოსარგებლე სახელმწიფო, როგორც ნებისმიერი დასავლური ქვეყანა. ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველო განიხილონ დაბალ ღობედ. ჩვენთან უნდა მოქმედებდეს ზუსტად ისეთი კანონები, როგორებიც მოქმედებს განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის ეს ეხება გამოხატვის თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას და სხვა შესაბამის სფეროებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.