ივანიშვილმა 13 წელი დახარჯა ჩვენს დარწმუნებაში, რომ ვართ არაფრის მაქნისი, უფუნქციო, საცოდავი ერი, - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გუშინდელმა დღემ, როცა მეზობლებმა აზერბაიჯანმა და სომხეთმა პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობის ქვეშ ისტორიული შეთანხმება გააფორმა, ნათლად აჩვენა, თუ რა დაკარგა საქართველომ.
„მსურს გამოვეხმაურო გუშინ, ვაშინგტონში გამართულ ისტორიული შეხვედრას და იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც საქართველო დღეს, ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდა.
გუშინ, ყველამ ერთად ვიხილეთ ისტორიული შეთანხმება, რომელიც ჩვენმა მეზობლებმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობის ქვეშ გააფორმეს. ამერიკის უშუალო თანამონაწილეობით, მისი როგორც ფინანსური, ასევე უსაფრთხოების გარანტიებით, ჩვენი მეზობლები შეთანხმდნენ არა მხოლოდ გრძელვადიან მშვიდობასა და ურთიერთობების ნორმალიზაციაზე, არამედ იმაზე, რომ შეიქმნება ახალი სატრანზიტო დერეფანი-ზანგეზურის დერეფანი, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ახალ სატრანსპორტო გზას ქმნის დასავლეთის კასპიის ზღვის რეგიონთან დასაკავშირებლად. ეს არის როგორც რეალურად დამყარებული მშვიდობის შედეგი, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეალური სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგი. რასაც ვულოცავთ როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს. რეალურის და არა „ქართული ოცნების“ მიერ მოგონილი ყალბი მშვიდობის, რომელიც სინამდვილეში ნიშნავს რუსეთის ყველა დავალების შესრულებას, საქართველოს სტრატეგიული ინტერესებზე უარს და ფაქტობრივად ქვეყნის დესუვერენიზაციას. ივანიშვილის პოლიტიკის ერთადერთ შედეგი დღეს მხოლოდ ისაა, რომ რუსეთი, მარია ზახაროვას პირით, დავალებას აძლევს მის ხელისუფლებას, აღიაროს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა და მოემზადოს მათთან ორმხრივი ურთიერთობების დასამყარებლად.
ამის საპირწონედ კი დიახ, გუშინდელმა ისტორიულმა დღემ გვაჩვენა, რას ნიშნავს ჩვენს სამეზობლოში სუვერენული ქვეყნების მიერ, საკუთარი ხალხის კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯები. ამ შეთანხმებამ განამტკიცა აზერბაიჯანისა და სომხეთის სუვერენიტეტიც, მშვიდობაც, და მათი ხალხის კეთილდღეობისთვის, ახალი უნიკალური შესაძლებლობები შექმნა. შესაძლებლობები, რომელიც საქართველოსაც გვერდს უვლის. ივანიშვილის „რუსულმა რეჟიმმა“, რომელმაც ისტორიული შანსი დაუკარგა საქართველოს, როდესაც რუსეთის დავალებით, ანაკლიის პროექტი დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სამართლებრივი დევნის გზით მოკლა ეს საუკუნის პროექტი, რომლის აშენებას უკვე მრავალი წელია ფუჭად ჰპირდება ხალხს, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ მათ შორის სატრანზიტო თვალსაზრისით დაუკარგა საქართველოს, როგორც მიმზიდველობა, ასევე ფუნქცია და დღეს, როდესაც რეგიონში ახალი პროექტები ხორციელდება საქართველო დაკარგული შესაძლებლობების გამო გლობალურად კონკურენტუნარიანი ქვეყანა დიდი ხანია აღარ არის. დღეს, როდესაც აშშ ახალ სტრატეგიულ სიმტკიცეს იჩენს ამ რეგიონში მისი როლის გასაზრდელად, საქართველოს დაკარგული აქვს მსოფლიო უძლიერეს სახელმწიფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება.
დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველოს ყველა ფორმაციის ხელისუფლებამ დატოვა ხელშესახები ისტორიული მემკვიდრეობა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ქართველი ხალხისთვის. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ შექმნა დამოუკიდებლობა. შევარდნაძის ხელისუფლება საქართველოს შეუქმნა საერთაშორისო ფუნქცია, პირველ რიგში როგორც სატრანზიტო დერეფანს, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტებისთვის, სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველო მყარად დააყენა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გზაზე-მოიპოვა ევროკავშირთან სრულიად ახალი ხარისხის თანამშრომლობა.
ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა კი სწორედ სამი ათწლეული მანძილზე ნაშენები ქართული სახელმწიფო და მისი საერთაშორისო ფუნქციები გასული 13 წლის მანძილზე ეტაპობრივად ნაცარტუტად აქცია. რადგან ამ ქვეყნის რეალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი კი თავად აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი მისთვის მხოლოდ პირადი ფინანსური ინტერესებისთვის სავაჭრო თემა, ხოლო საქართველო, ბინძური რუსული ფულის სამრეცხაო და სანქცირებული ბიზნესის ინტერესების დამცველ ტერიტორიად სჭირდება.
მსგავს ვითარებაში, ცხადია, რომ საქართველოს არც სატრანზიტო და არც სხვა ფუნქცია არ ექნება დასავლეთის ქვეყნებისთვის. საქართველოს მოქალაქისთვის ეს ნიშნავს მომავალში კიდევ უფრო გაზრდილ უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს, გართულებულ საცხოვრებელ პირობებს და უკვე ფიზიკურ იზოლაციასაც, თუ უვიზო რეჟიმიც გააუქმა ევროკავშირმა.
დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის მომავალი მძევლად ჰყავს აყვანილი ივანიშვილის ოჯახის ფინანსურ ინტერესებს, და რუსეთის პოლიტიკას. ამიტომ გაგრძელდება ჩვენი ბრძოლა მანამდე, სანამ არ დავიხსნით საქართველოს იმ უმძიმესი ბედისგან, რომელიც მას რუსეთი და მისი მოკავშირე რეჟიმი უმზადებენ. დასაკარგი დრო საქართველოს არა აქვს, ივანიშვილის მმართველობის ყველა დღე უძვირესი უჯდება ქართველ ხალხს. ამიტომ იქნება უკომპრომისო ბრძოლა ამ რეჟიმთან ყველგან-აქციაზე, ქუჩაში, საქართველოს ყველა სოფელსა და ქალაქში, არჩევნებზე, საერთაშორისო ასპარეზზე.
ივანიშვილმა 13 წელი დახარჯა ჩვენს დარწმუნებაში, რომ ვართ არაფრის მაქნისი, უფუნქციო, საცოდავი ერი. ახლა დროა ქართველმა ხალხმა აჩვენოს რუსეთს და ყველა მათ დამქაშს, როგორ შეცდნენ და მოიგოს ეს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის, აღვადგინოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ავაშენოთ ანაკლიის პორტი, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დავიწყოთ და მოვიპოვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და დაცულობა თითოეული ქართული ოჯახისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.